"ეკვილიბრიუმმა" მარტყოფის სკოლას 350 წიგნი გადასცა
 22/03/2023

22 მარტს ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმი" სოფელ მარტყოფს ესტუმრა. მარტყოფის მეორე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა 350 ახალი წიგნით მომარაგდა. წიგნები სკოლა XXI საუკუნის • School XXI Century-ის მხარდაჭერით შეგროვდა.

„ეს არის ჩემი ბრძოლა. განათლების გავრცელება. სოფელ-სოფელ, კარდაკარ სიარული. ეს ბრძოლა რთულია, შრომით და ტალახით სავსე, მაგრამ მართალი და სიმბოლური. მარტყოფში ჩავედით და აქაც სიმბოლომ შემახსენა თავი. 1700 - არ მოგესმათ, 1700 სოფელი მოვიარეთ უკვე. ხან დღეში ხუთ სოფელს ვსტუმრობდი. მეტიც იქნებოდა, რომ არა ჩემი ერთწლიანი მოწყვეტა და უძალობა. მაგრამ არა უშავს. ესეც, ალბათ ამ გზის ნაწილია. გზის, რომელსაც თქვენთან ერთად მივუყვები. გზის, რომელიც უფრო განათლებულ და ნათელ საქართველოს გულისხმობს. ამჯერად მეგობარი სკოლა XXI საუკუნე • School XXI Century ამოგვიდგა გვერდით და მარტყოფში 350 ახალი წიგნი ჩავიტანეთ", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.